суббота, 20 мая 2017 г.

წერილები 25 წლის შემდეგ

წერილები 25 წლის შემდეგ
წ ე რ ი ლ ი პ ი რ ვ ე ლ ი: ფეისზე ვნახე თქვენი სახელი და გვარი,დანამდვილებით არ ვიცი,მაგრამ გკითხავთ:ერთი მასწავლებელი მყავდა,ხომ არ გამიმართლა და ის ხომ არ ბრძანდებით?
როგორ მიხარიაააააა...
რა ხშირად მახსენდებით,დედას გეფიცებით. მახსოვს,როგორ გვაწავლიდით აზროვნებას.კვალი დაატყვეთ ჩემს ხასიათს...დაგვიმსგავსეთ თითქმის მთელი კლასი...კარგი გაკვეთილი მაჩუქეთ ცხოვრების...თქვენი დიდი დამსახურებაა, ასეთი რომ ვარ,რაც ვარ...ძალიან,ძალიან მიყვარხართ და მენატრებით...(სოფიო რობაქიძე)
წ ე რ ი ლ ი მ ე ო რ ე: პირველ რიგში მინდა გულითადი მოკითხვა გადმოგცეთ ჩემგან და მადლობა გადაგიხადოთ იმ ყველაფრისათვის,რასაც აკეთებდით ჩემთვის და ჩემი მეგობრებისათვის.ვგულისხმობ იმ აღზრდას და ადამიანური ღირებულებების სწორად მოტანას ჩვენამდე...ჩვენ მაშინ პატარები ვიყავით და,შესაბამისად,ბევრი რამ არ გვესმოდა და სწორედ ჩვენ გაგვიმართლა, რომ ჩვენთვის საჭირო დროს თქვენნაირი პიროვნების გვერდით აღმოვჩნდით...მე სამი შვილის მამა ვარ...ძალიან მენატრებით...მიგულეთ თქვენს უმცროს მეგობრად...პატივისცემით...(კოტე ჭანტურიძე)
წ ე რ ი ლ ი მ ე ს ა მ ე: მასს! როგორ მიყვარხართ და როგორ მენატრებიიით.როგორ მინდოდა თქვენი ნახვა...როგორ გამიხარდა,რომ გიპოვეთ. მე ამჟამად ლიტვაში ვარ,ისევ კენტად.იქითა ზაფხულს ვაპირებ ჩამოსვლას და აუცილებლად გნახავთ. ჩემთვის თქვენ ყველაზე მაგარი ადამიანი,ყველაზე ულამაზესი,ყველაზე უჭკვიანესი,ყველაზე მაგარი ფილოლოგი იყავით და ასეთად დარჩით. მენატრება თქვენი გაკვეთილები მასწ! ვერასოდეს შევძლებ თქვენს დავიწყებას.(თამუნა ბარბაქაძე)
წ ე რ ი ლ ი მ ე ო თ ხ ე: ჩემთვის სკოლა ნათელი წერტილი იყო. ყოველთვის,როცა მასწავლებლებისთვის რამეს ვაკეთებდი,როცა მასწავლებლებს ვიცავდი, და როცა მათ ნაშრომს ვუფრთხილდებოდი,მხოლოდ იმიტომ,რომ მე მყავდა ნამდვილი მასწავლებელი...ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში.ამის თქმა შემიძლია სრული პასუხისმგებლობით,რადგან მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და იქაურ მასწავლებლებს შევხვედრივარ,მათი გაკვეთილებიც მინახავს...
მე სამი შვილს დედა ვარ...
ეს საღამო იყო თქვენი და თქვენ ჩვენთან არ იყავით!..(ნინო ელბაქიძე)
წ ე რ ი ლ ი მ ე ხ უ თ ე: გამარჯობათ...მასწავლებელო! თქვენ რომ იცოდეთ,როგორ მიყვარხართ.ჩემი ცხოვრების ყველაზე საუკეთესო შთაბეჭდილება დამიტოვეთ ბავშვობის მოგონებებში.ვერ გადმოგცემთ,ალბათ,სრულად. თქვენ შემაყვარეთ წიგნის კითხვა...თითქმის ყველა გაკვეთილი მახსოვს თქვენი.
გულით გისურვებთ სიკეთეს დ სიხარულს...ისეთს,როგორსაც თქვენ ჩუქნით თქვენს თითოეულ აღსაზრდელს. ბედნიერია მისი ,,შეგნება“,ვისაც თქვენთვის მოუსმენია. დღემდე აღვნიშნავ,რამდენად კარგი მასწავლებელი მყავდა თქვენი სახით.(მარეხი გორგოძე)

წ ე რ ი ლ ი  მ ე ე ქ ვ ს ე: გამარჯობა...მასწავლებელო...ერთი სული გვაქვს ყველას,პატარა ბავშვებივით ველოდებით შვიდ მაისს. ახლა გამოვთვალე და სულ რაღაც 35 წლის ყოფილხართ, როცა ჩვენ სკოლა დავამთავრეთ და რამდენ სიბრძნეს გვასწავლიდით.თქვენი დიდი დამსახურებაა,რომ თითოეული ჩვენგანი შემდგარი ადამიანია. სასტიკმა ,,ოთხმოცდაათიანებმაც“ კი ვერ ,,გაგვაფუჭა“... თბილისში რომ ჩამოვედი, ცნობილ ფსიქოლოგთან ვემზადებოდი ქართულში. ის სულ აღნიშნავდა,რომ ანალიტიკური გონება მაქვს...მაშინ ვიფერებდი,ახლა კი ვხვდები,რომ თქვენ გვასწავლეთ ფიქრი.მაშინ ეს ვერ დავაფასე და ვერც გითხარით... ახლა გიხდით მადლობას...მადლობა,რომ სიყვარული გვასწავლეთ...(ქეთი ჭუბაბრია)
წ ე რ ი ლ ი მ ე შ ვ ი დ ე: მოგესალმებით,ჩემო ძვირფასო ქალბატონო! სულ მინდოდა მომეწერა თქვენთვის,მეკითხა თქვენი ამბავი...მე ცხოვრებამ მომწყვიტა ჩემს ქვეყანას, მაგრამ აქაც მახსოვხართ და მიყვარხართ ყველა. როცა ჩვენ გვჭირდებოდით,ჩვენთან იყავით, იქნებ მეც დაგჭირდეთ რამეში,არ მოგერიდოთ,თქვენთან მიგულეთ...(შორენა ხუციშვილი)
წ ე რ ი ლ ი მ ე რ ვ ე: როგორ მიხარია,რომ გიპოვეთ.ბავშვობა გამახსენდა და გული ამიჩუყდა...ჩემი უსაყვარლესი მასწავლებელი...როგორ მომნატრებიხართ...რამდენი რამ მასწავლეთ...ჩვენ ვგრძნობდით,როგორ გულწრფელად გიყვარდით და გინდოდათ ჩვენთვის სიკეთე...ისევ იმ ბავშვური სიყვარულით მიყვარხართ.(თამარ ორჯონიკიძე)
წ ე რ ი ლ ი  მ ე ც ხ რ ე: ჩემო საყვარელო...მასწავლებელო! სულ მინდოდა მეთქვა თქვენთვის,როგორ პატივს გცემთ. გუშინდელ დღესავით მახსოვს ყველაფერი...თქვენი სიყვარულით კალიგრაფიაც კი შევიცვალე.ჩემი უფლისადმი სიყვარულიც თქვენი დიდი დამსახურებაა.
მე ოთხი შვილის დედა ვარ.ვცხოვრობ თბილისში. ძალიან მიყვარხართ.გკოცნით.(ფატი ზარნაძე)
წ ე რ ი ლ ი  მ ე ა თ ე: ქრისტე აღდგა! გილოცავთ,მასწ,შემოგევლეთ...ძალიან გამეხარდა თქვენი ფეისზე ნახვა.როგორ ბრძანდებით?
მე ამჟამად ამერიკაში ვცხოვრობ...მოძღვარი ვარ.. მყავს ექვსი შვილი და ერთი შვილიშვილი...
არიან ადამიანები,რომელთა მიმართ გადაფასება არ ხდება და სამუდამოდ აქვთ ადგილი სულში, მიუხედავად იმისა,გაქვს თუ არა კონტაქტი. უღრმესი მადლობა,უფალს ებარებოდეთ! (პაატა ჩუბინიძე)
წ ე რ ი ლ ი მ ე თ ე რ თ მ ე ტ ე: როგორ ბრძანდებით? თქვენს ფოტოებს ვეძებდი ფეისზე და არ გიდევთ. ნეტავ თქვენი სახე დამანახა.თვალწინ მიდგას,ჯეირანივით რომ გაივლიდით ხოლმე სკოლის დერეფანში.რამდენი რამ ვისწავლე თქვენგან.ძალიან მიყვარხართ..
ეჰ,ჩემო მასწავლებელო... ვინ ჩაწვდება უფლის განგებას...ეს პრობლემები,ალბათ,ჩვენი განსაცდელებია,ჩვენივე არასწორი ცხოვრებისათვის დაშვებული...
ახალგაზრდებს ქალაქი გვიზიდავს...ზოგჯერ ვფიქრობ,ნეტავ სოფლიდან არ წამოვსულიყავი...სოფელში სიწმინდე და სულის სიმშვიდეა... ქალაქი სტრესი და ფორიაქია.ადამიანი აქ მეტად ფიქრობს ხორცის ფუფუნებაზე,ვიდრე სულზე.მე მგონია,რომ ცივილიზაციამ მოწამლა ადამიანის ცნობიერება...თუმცა თქვენ მართალი ხართ,სიკეთის კეთება ყველგან შეიძლება.
მე სამი შვილის დედა ვარ...
ღმერთმა დიდხანს და ბედნიერად გამყოფოთ,მოგცეთ სულის და ხორცის სიმრთელე.(ელისო ზარნაძე)
წ ე რ ი ლ ი  მ ე თ ო რ მ ე ტ ე: ძალიან გამეხარდა,მასწ,თქვენი ფეისზე ნახვა! ნეტავ ის დრო დაბრუნდებოდეს და თქვენს გაკვეთილზე დამსვა.ორი სტუდენტი შვილი მყავს და როცა ქართულში ვეხმარებოდი ხოლმე,სულ უკვირდათ,ასე კარგად როგორ გახსოვს ყველაფერიო.მე კი ვეუბნებოდი,ისეთი მასწავლებელი მყავდა,არ შეიძლებაა,რომ არ მახოვდეს-მეთქი.
მაღალი კლასები უთქვენოდ მენანება,მაგრამ მჯერა,ყველგან ძლიერი იქნებით.(ეკა მერკვილაძე)
ახალ წელს გილოცავთ,ჩემო განუმეორებელო და საყვარელო იზო მასწავლებელო(ოლგა ხვედელიძე)
მაგარი პედაგოგი და უფრო მაგარი ადამიანი(კახა ბლუაშვილი)
და ა.შ.

მადლობა თქვენ,რომ ასეთი დიდი მადლიერების გრძნობა გაქვთ...ყველას წერილი ვერ დავწერე,მაგრამ ჩამოვთვლი მაინც:მადლობა ეკა გაჩეჩილაძეს,იამზე ბარბაქაძეს,ხათუნა გაბრიჭიძეს,ლია კაპანაძეს,მამუკა ჩხიკვაძეს,ალიკა გუმბერიძეს,ბორია ჭიჭინაძეს,მაია ნანიტაშვილს,ლელა მუშკუდიანს,ნანა მესხს,მამუკა სხილაძეს,ანა ბაბუხადიას,მარეხი კაკოჩაშვილს,თამო ჯიქურიძეს,გელა ბერაძეს,გოდერძი გოგოლიძეს,მაკო გელენიძეს,ნატა კაკაურიძეს,ეთერ გორგოძეს,ნინო გორგაძეს,ბელა სხილაძეს,ლალიკო ორჯონიკიძეს,მილერინა მემანიშვილს,ნინო ხომასურიძეს,ირმა მაღლაკელიძეს,მარინა კიკნაძეს,მარიკა სხილაძეს,ირაკლი მაღლაკელიძეს,ნინო ვაჭარაძეს,სოფო ცნობილაძეს,ნანა მესხს,თამუნა სულიაშვილს,იკო გამცემლიძეს,ვალკერი წასიძეს,ხათუნა ავალიანს,ლელა გორგაძეს,როსტომ ჯუღელს, ნატო სოსიაშვილს,თაზო სხილაძეს,ლელა გურულს,ნანა სხილაძეს,პაპუნა ფანჩულიძეს,გიორგი ბუაჩიძეს,მარეხი ბარამაძეს,გიორგი მემანიშვილს,ლალი სახვაძეს,თეა ბარბაქაძეს,თამარ ჭოლაძეს,გია შიუკაშვილს.მადლობა ყველა მათ,ვინც ვერ დამიკავშირდა,მაგრამ ვიცი,ცუდად არ მომიგონებს...

Комментариев нет:

Отправить комментарий